ნაქალაქარი სამშვილდე ასეული წლების განმავლობაში ისტორიული ქვემო ქართლის დიდი ქალაქი და საიმედო ციხესიმაგრე იყო. იგი იბერიის პირველ ქალაქებს მიეკუთვნება. ძვ.წ. IVს–ში უკვე განთქმული ქალაქი ყოფილა. მდებარეობდა დღევანდელი თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ სამშვილდის მახლობლად, ორ მდინარეს შორის მოქცეულ კონცხძე, ციცაბო ფერდობებიან პლატოზე (სოფელი სამშვილდე თეთრი–წყაროდან 4 კმ–ზეა, ზღვის დონიდან 860მ–ზე). მის სამხრეთით ღრმა ხეობაში მდინარე ხრამი მიედინება, ჩრდილოეთით – მდ. ჭივჭივა. პლატო სამი მხრიდან ძნელი მისადგომი იყო, მხოლოდ მეოთხე მხარე ჰქონდა ღია. ამ მხარის ჩასაკეტად პლატოს მთელ სიგანეზე მიუყვებოდა 4–5მ. სისქის კედელი. თუ მტერი ამ კედელს დასძლევდა, მაშინ ქალაქის შუა ნაწილში დახვდებოდა პლატოს მთელ სიგანეზე, ფერდობიდან ფერდობზე გაშლილი ციხე, რომელიც ფაქტიურად ქალაქის ციტადელი იყო და გეგმით დიდი ზომის ოთკუთხედი გახლდათ.
ციხის კედლები სხვადასხვა ზომისაა, სამი მათგანის სისქე 2 მეტრამდეა, მეოთხესი–6 მეტრამდე. საერთოთ გვიან ანტიკურ ხანაში საქართველოში სქელ კედლებს აგებდნენ, მაგრამ ასეთი სისქისა არსად გვეგულება. მშენებლებს კარგად გაუთვალისწინებიათ რელიეფის თავისებურება: რაკი მტრის შემოსევა დასავლეთიდან იყო მოსალოდნელი, კედელიც სწორედ ამ მხარეს უნდა ყოფილიყო საიმედო. ამჟამად ამ დაზიანებული კედლის სისქე 12 მეტრია.თავდაპირველად ალბათ უფრო მაღალი იქნებოდა. ქონგურებიც ექნქბოდა და იმ დროს ვერც ერთი სანგრევი მანქანა ვერაფერს დააკლებდა. ამიტომაც მოაღწია მან დღემდე. კედელს მხოლოდ ერთგან ეტყობა, რომ აქ უშედეგოდ უცდიათ მისთვის ძირი გამოეთხარათ.
შუა საუკუნეებში სამშვილდის ციტადელი ბევჯერ გადაუკეთებიათ. დამატებულია დიდი კოშკები რომლითაც ციხის სუსტი ადგილები – შემოსასვლელები – იკეტებოდა.
ნაქალაქარ სამშვილდეს რამდენიმე ათეული ჰექტარი უჭირავს. დღეს თითქმის მთელი ეს ფართობი ნანგრევებითაა დაფარული.
ციტადელის დასავლეთი ნაწილი საცხოვრებელ კვარტალებს უჭირავს, სადაც დღესაც კარგად შეიმჩნევა ქუჩები და შესახვევები. აქა–იქ განლაგებულია სასახლეები, მათი უმრავლესობა ორსართულიანია, არის სამსართულიანებიც. ნანგრევებად ქცეული სახლები, სამეურნეო შენობები თუ სასახლეები ხანგრძლი–ვი და ბობოქარი ცხოვრების უტყუარი მოწმენი არიან.
No comments:
Post a Comment