სხვა ქართულ ქალაქთა უმრავლესობის მსგავსად სამშვილდეც მეფეს ეკუთვნოდა. XII ს ის დამდეგს სამშვილდე თურქებს ეკავათ. დავით აღმაშენებელმა, რომელსაც კარგად ესმოდა ქალაქის სტრატეგიულ – ეკონომიკური მნიშვნელობა (სამშვილდე სამხრეთიდან იცავდა თბილისს და სავაჭრო გზაც მასზე გადიოდა) 1110 წ. იგი თურქებს წაართვა. ისტორიკოსთა გადმოცემით, ამ ამბავმა თურქებს ისეთი თავზარი დასცა, რომ მათ ქვემო ქართლის რამდენიმე ციხე დატოვეს და გაიქცნენ.
გვიან საუკუნეებში, როცა ქვეყანა მონღოლთა, სპარსთა თუ ოსმალთა თარეშით დასუსტდა, ქალაქი სამშვილდეც დაქვეითების გზას დაადგა. დაქუცმაცებულ ქვეყანაში იგი ადგილობრივ ფეოდალთა ხელში იყო ხოლმე. XVI ს–ში ოსმალებმა მიიტაცეს, მაგრამ1683წ. სვიმონ მეფემ ბრძოლით დაიბრუნა. XVIIIს –ის ორმოციანი წლების ბოლოს ზოგიერთი ორგული თავადის დახმარებით სამშვილდეში გამაგრდა ქართლის ბაგრატიონთა მემკვიდრე, ტახტის მაძიებელი აბდულა ბეგი. ერეკლე მეფემ დროზე შეიტყო მისი ზრახვები, თბილისთან მისულს წინ გადაუდგა და მწარე დღე გაუთენა. დამარცხებული აბდულა ბეგი გაიქცა და თავი სამშვილდეს შეაფარა. მეფე იქაც არ მოეშვა და 1748 წ. ციხე აიღო. აქედან მოკიდებული საუკუნის დასასრულამდე სამშვილდე მეფის საიმედო დასაყრდენი იყო.
No comments:
Post a Comment